
შინაგან საქმეთა სამინისტრო კესო დეკანოსიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ვიდეოს აქვეყნებს. “გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე კომპლექსურად განხორციელებული შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი გარემოებების თაობაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა ათეულობით საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა არაერთი მოწმე, ასევე, დამუშავდა და გაანალიზდა ვიდეოსამეთვალყურეო კამერებიდან ამოღებული ჩანაწერები, რომლებიც კესო დეკანოსიძის ბათუმში ჩასვლისა და ზღვის სანაპიროს მიმართულებით გადაადგილების ტრაექტორიას ასახავს. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით ამ ეტაპზე, დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი. მიმდინარე წლის 29 აგვისტოს კესო დეკანოსიძემ იმგზავრა თბილისი-ბათუმის მატარებლით. ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებით ირკვევა, რომ კესო დეკანოსიძე ბათუმის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიაზე 29 აგვისტოს 20:57 საათზე ტოვებს მატარებლის ვაგონს, 21:00 საათზე გამოდის შენობიდან და საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მარტო მიემართება ბათუმის ცენტრის მიმართულებით. კესო დეკანოსიძე 21:34 საათზე, ბათუმში საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებაზე ჩამოდის საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან, რის შემდეგაც ჯერ იაკობ გოგებაშვილის ქუჩის, ხოლო შემდგომ ეგნატე ნინოშვილის ქუჩის გავლით მიემართება ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან, რის შემდგომაც ასევე მარტო განაგრძობს მოძრაობას ზღვის სანაპიროს მიმართულებით, ე.წ პიერ ბათუმის ხიდის მიმდებარედ. ზღვის სანაპიროზე გადასვლამდე, ბულვარის სასეირნო ზოლში განთავსებულ ჯიხურში მან შეიძინა სანთებელა. თვითმხილველების ჩვენებებით დგინდება, რომ კესო დეკანოსიძემ აღნიშნული ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვის ნაპირთან მისვლისას დაანთო საეკლესიო სანთელი, პირადი ნივთები და ტანსაცმელი დატოვა სანაპიროზე, რის შემდეგაც ზღვაში შეცურა, თუმცა მას შემდეგ რაც ის უკან აღარ დაბრუნდა, თვითმხილველებმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს -112-ს აცნობეს. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, რომლებიც შესაბამისი აღჭურვილობით ჩაერთვნენ ძებნის ღონისძიებაში. ინტენსიური სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მეხანძრე-მაშველების მიერ მიმდინარე წლის 31 აგვისტოს კესო დეკანოსიძის ცხედარი ნანახი იქნა ქობულეთის ტერიტორიაზე ზღვაში. გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის რაიმე კვალი არ აღენიშნებოდა. საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

“დღეს პრაქტიკულად სიკვდილს გადავრჩი… ტექნიკურად გაუმართავი მანქანა დაგორდა” – ამბობს ეკატერინე ლომიძე და წმინდა მოწამე ვასილისკოს ქუჩის 6 ნომრიდან ვიდეოს აქვეყნებს.

ჩემი ცხოვრება დასრულდა, მაგრამ ყველას დაგასრულებთ”, – ამის შესახებ მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ეკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ეკა მხატვრიშვილი პედაგოგია, ის გლდანში, “ბრიტანულ აკადემიაში” პედაგოგად მუშაობს. სამძიმრის წერილს ავრცელებს “ბრიტანულ აკადემია”: “ბრიტანული აკადემიის” გუნდი ღრმა მწუხარებით იუწყება, ჩვენი კოლეგის, მათემატიკის პედაგოგის, ეკა მხატვრიშვილი ოჯახში დატრიალებული უდიდესი ტრაგედიის შესახებ. ეკა მასწავლებელს გარდაეცვალა შვილი, დავით ნარიმანიძე. ვუსამძიმრებთ მას და მის ოჯახს. ნათელში იყოს დათუნას სპეტაკი სული. სიტყვები უძლურია ასეთი ტრაგედიის დროს”. ცნობისთვის, 17 წლის დავით ნარიმანიძე თბილისში, ლოტკინის დასახლებაში 9 სექტემბერს მოკლეს. მკვლელობა გახსნილია – სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი. დაკავებულები არიან ის პირებიც, რომლებიც კონფლიქტში მონაწილეობდნენ.

გორში, ავარიის შემდეგ გარდაცვლილ 14 წლის მარიამ წიკლაურს თანაგუნდელები ემშვიდობებიან. „გაგვიფრინდა ჩვენი პატარა ანგელოზი. აღარ დაგვხვდება სპორტსკოლის შესასვლელთან სიხარულით გაბრწყინებული თვალებით, რომელიც მოუთმენლად ელოდა ფრენბურთის ვარჯიშის დაწყებას. სიტყვებს ვერ ვპოულობთ ამ ტრაგედიით გამოწვეული ტკივილის გადმოსაცემად. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი. სპორტსკოლისა და ფრენბურთელების სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახს“, – ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში. ავტოსაგზაო შემთხვევა 5 სექტემბერს მოხდა. სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი სკოლის მოსწავლეს დაეჯახა. დაშავებული გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა.

“გმირები ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ” – წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე და ფოტოს აქვეყნებს. მისივე ინფორმაციით, 20 წუთი ცდილობდა სასწრაფო სამედიცინო ჯგუფის მთელი შემადგენლობა პაციანტის გაჩერებული გულის ამუშავებას და მათ ეს შეძლეს. ქალი, რომელიც ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოულოდნელად ცუდად გახდა, სამედიცინო პერსონალის გადაუდებელი დახმარების შემდეგ გადარჩა. პაციენტი მკურნალობას ამ ეტაპზე, სამედიცინო დაწესებულებაში გადის.

გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა, რის შემდეგაც მიკროავტობუსი გადაბრუნდა. ავარიის შედეგად, პირველადი ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

ანაკლია-ზუგდიდის გზაზე რამდენიმე დღის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მარიამ ჩიქავა დღეს დაკრძალეს. როგორც ინფორმირებული წყარო ექსკლუზიურად გვიყვება სოფელ კოკის მოსაცდელში 4 ახალგაზრდა ზუგდიდისკენ მიმავალ ტრანსპორტს ელოდებოდა. „4 ახალგაზრდა იდგა იმ ავბედით დილით მოსაცდელთან. სანამ ეს ტრაგედია დატრიალდებოდა ერთ მანქანას,რომელსაც წინა მხარეს მგზავრი ეჯდა,4 მგზავრიდან უკან ჩაისვა სამი და განაგრძეს გზა ზუგდიდისკენ. მოსაცდელში დარჩა ტრანსპორტის მომლოდინე 28 წლის მარიამი,რომელიც 4 წელია ზუგდიდში ამბოლში მუშაობდა კონსულტანტად. ამ დროს 10 წუთის ინტერვალში გაუჩერა მარიამს ნისან ჯიპის მარკის ავტომობილი ბაკურ გაბისონიამ. ავტოსაგზაო შემთხვევა კი რამდენიმე წუთში კახათის გზაზე მოხდა. მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა”,- გვიყვება წყარო. მარიამი მოსაზღვრე სოფლის ტაძრიდან გამოსვენეს და საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. ობოლ გოგოს მთელი სოფელი გამოემშვიდობა. მარიამის ხსოვნას ემოციურ პოსტს უძღვნის მისი მეზობელი ლევან თორია. „მარიამი ჩემი ახლობელი იყო.მართალია, ძალიან ახლო ურთიერთობა არ გვქონია და ასაკითაც ჩემზე უფროსი იყო, მაგრამ როცა ერთმანეთს ვხვდებოდით, ყოველთვის ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა. ისეთი ადამიანი იყო, რომლის ნახვაც გიხაროდა.მარიამი ობოლი გოგო იყო. ბებია-ბაბუამ გაზარდეს. რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს მისთვის, მაგრამ დამეთანხმებით მშობლის დედ-მამის ზურგის ქონა მაინც სულ სხვა რამეა.თითქოს არ ეტყობოდა. ყოველ შემთხვევაში, ცდილობდა, არ შეემჩნია. მაგრამ რამდენი წელიც არ უნდა გასულიყო, მის თვალებში მაინც შეამჩნევდი სევდის პატარა კვალს. იმ სევდას, რომელიც ალბათ არასდროს გამქრალა. მშობლები ხომ სულ პატარას, ექვსი წლისას დაეღუპა.და ახლა 29 წლის მარიამიც აღარ გვყავს.არ მქონია მასთან ისეთი ახლო ურთიერთობა, როგორსაც ახლა ვისურვებდი. მაგრამ მართლა ძალიან მიყვარდა. ძალიან დიდ პატივს ვცემდი. და ალბათ ახლა ყველაზე მეტად იმას ვნანობ, რომ უფრო ახლოს არ ვიყავით. რომ უფრო ხშირად არ მოვიკითხე, უფრო ხშირად არ ვუთხარი, თუ რამდენად კარგი ადამიანი იყო.მარიამი ჩემი სოფლის პატარა ქუჩის ნათელი წერტილი იყო.იმ ქუჩის, რომელსაც ამდენი უბედურება აქვს ნანახი. და ახლა ეს პატარა სინათლეც ჩაქრა.დღეს მის ნეშთს სამუდამო განსასვენებელს მივაბარებთ. და ვიცი, რომ ჩვენი ქუჩა უკვე აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო.ძალიან რთულია ამის მიღება.ძალიან დიდი უსამართლობაა, ასეთი ადამიანები ასე ადრე რომ მიდიან ამ ქვეყნიდან.და რატომ, ღმერთო?რატომ უნდა მიდიოდეს ასეთი ადამიანი, როცა ვიღაც ნაძირალებს ამქვეყნად კიდევ აქვთ არსებობის უფლება?ამ კითხვას საკუთარ თავს ათი წლის ასაკიდან ვუსვამ – მას შემდეგ, რაც მურო აღარ მყავს. მას შემდეგ მე და ჩემმა კუთხემ, საქართველომ უამრავი ახალგაზრდა, ანგელოზი ბავშვები დავკარგეთ და ამდენი წლის შემდეგაც, ამდენი ტრაგედიის შემდეგაც ამ კითხვაზე პასუხი ვერ ვიპოვე, არამედ პირიქით, ყოველჯერზე მძაფრდება უსამართლობის გრძნობა და ამასთანავე ძვირფასი ადამიანის დაკარგვის შიში.ახლა კი ყველაზე მეტად ის მაფიქრებს, რითი უნდა ვანუგეშო მარიამის ბებია?ქალი, რომელმაც ჯერ შვილი დაკარგა და ახლა შვილიშვილიც. გოგო, რომელიც ბავშვობიდან გაზარდა და რომელსაც ბოლო დღემდე ხელიხელჩაკიდებულს დაჰყვებოდა ყველგან.ახლა ვდგავარ, ვუყურებ და… ვერაფერს ვაკეთებ.ვერაფერს ვეუბნები.არადა ეს ყველაფერი თითქოს უკვე გავლილი მაქვს. ვიცი, როგორი ტკივილია ადამიანის დაკარგვა. უბრალოდ ადრე ბავშვი ვიყავი და ბევრ რამეს ვერ ვხვდებოდი. მაშინ ბოლომდე არ მესმოდა, რას ნიშნავდა ადამიანის სამუდამოდ დაკარგვა.ახლა უკვე მესმის.და ალბათ ამიტომაც მტკივა მარიამის წასვლა ასე ძალიან.მარიამ, ძალიან მიყვარხარ.ვნანობ, რომ უფრო ახლოს არ ვიყავით. ვნანობ იმ საუბრებს, რომლებიც არ გვქონია, იმ შეხვედრებს, რომლებიც აღარ გვექნება და იმ სიტყვებს, რომლებიც შეიძლება უფრო ხშირად უნდა მეთქვა.არ ვიცოდი, რომ ასე ცოტა დრო გვქონდა.შენ ჩემი პატარა ქუჩის ნათელი წერტილი იყავი, მარი.ახლა კი ეს ქუჩა შენს გარეშე დარჩა.ღმერთმა ნათელში გამყოფოს, იქ, სადაც მართალნი განისვენებენ.ძალიან მომენატრები.მშვიდობით, მარი.”,-წერს ლევან თორია სოციალურ ქსელში.

26 წლის მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე “ფეისბუქზე“ მორიგ მიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ანასტასია ბერუაშვილის ადვოკატი აღარ არის ქეთევან ვარდანაშვილი. ის ასევე ეხმიანება ნია იმნაძის დაკავებას. “სასიკვდილო დარტყმით გათიშული გიგა ავალიანი, კლინიკაში გონზე მოვიდა 2-3 წუთით და თქვა ერთადერთი წინადადება:—დედაჩემს დაურეკეთ! გიგა ავალიანმა იცოდა, ვინ იყო მისი დედა და რა ძლიერი იყო მათი დედაშვილობა! ჰოდა, მე ისევ აქა ვარ! გიგას გარდაცვალების წამიდან რატომ შემოვედი სოციალურ ქსელში საბრძოლველად, ვერ გაიგო მკვლელების ოჯახებმა და შვილების დაჭერის შემდეგ რიგრიგობით გამართეს სოც-ცირკაობა, მაგრამ გაიგო ხალხმა, რომელიც ჩემთვის საზოგადოებაა და მათთვის ბრბო! ჰოოო და, ჩვენ — ყველამ ერთად — ვაღიარეთ სამართლის და კანონის უზენაესობა.ვაღიარეთ და შევძელით კიდეც ეკა კუპატაძე იცავს გიგა ავალიანის ღირსებას! პროკურატურა იცავს გიგა ავალიანის ღირსებას და სახელმწიფოს ღირსებას! სასამართლომ უნდა დაიცვას სახელმწიფოს ღირსება და მომავალი თაობის უსაფრხოება! საზოგადოება მხარს გვიჭერს სამართალში, გვაკვირდება გამადიდებელი ლუპით და გვიმაგრებს ზურგს! გუშინ გავიდა ნია იმნაძის დაჭერიდან ერთი თვე. იმ “გულჩვილი” და “სამართლიანი” ხალხის აზრი მაინტერესებს ლ(ь)ეგიტიმური კითხვები რომ ჰქონდათ: ხომ არ გაგირკვევიათ, ახლა, როცა საქმის მასალები გადაეცათ, რატომ აღარ ჩხავის თამარ ნავროზაშვილი “ნიაკო” უდანაშაულოაო?ან სად გაქრა ის ცირკაჩი ადვოკატი გიორგი ლეკიშვილი?ან თუნდაც წერა-კითხვის უცოდინარი ბებო და ბიძა, ლეკიშვილი-პატიეშვილის დაწერილი ტექსტი რომ აგვიპოსტა? ნია იმნაძეს კლინიკაში რომ ხელი სტკიოდა, ვითომდა ბორკილების დადებით, როგორ არის მოიკითხეთ? ნია იმნაძის დაიკოს წინა კვირაში ფსიქოლოგიური პრანჭვები დაწყებია და ისიც მოიკითხეთ.(ჰო, აი ის, ტელეფონით მშვიდად რომ იღებდა “ნიაკოს” დაჭერას, დედის ისტერიკების და მამის მუქარების ფონზე, მეორე დღეს კი ტელეკამერების წინ იღერებდა ყელს.) მათ გასაგონად, ვინც ყველა ბრუნვაში და დროში ატრიალა:— პოლიციამ მტკიცებულებების გარეშე, სპეცოპერაციით დააპატიმრა არასრულწლოვანი ღამის 11 საათზეო, განვმარტავ:— პოლიცია მოსამართლის განჩინებით იმნაძის დასაჭერად მივიდა დაახლოებით 16:00 სთ-ზე. არ გაუღეს კარი ადვოკატ-ებ-ის გარეშე; პოლიცია მოთმინებით ელოდა ადვოკატებს დაახლოებით 6 საათი!(ადვოკატმა ლაივი ჩართო 22 სთ-მდე რამდენიმე წუთით ადრე, ანუ ღამის 10 საათზე და არა 11 საათზე, რაღაცები მაინც დაამთხვიეთ.) აი, ვარდისფერი ბრჭყვიალა ბორკილები მართლა არ ჰქონდათ და ბოდიში “ნიაკოს”. ბაბლმა რომ ძალიან არ ინერვიულოთ, ამასაც გეტყვით ბარემ: ნია იმნაძის დაჭერისას, როგორც კი ლეკიშვილმა ლაივი შეწყვიტა, თამარ ნავროზაშვილმაც ჩხავილი შეწყვიტა და წყნარ, მშვიდ გარემოში დააპატიმრეს “ნიაკო”. ისტერუილ კითხვაზე, თუ რატომ დაიჭირეს სახლში და არ დაიბარეს პოლიციაში, გიპასუხებთ: მას შემდეგ რაც საქმე გადაეცა მკვლელობის განყოფილებას და გამოძიება მიმდინარეობს გენერალური და ქალაქის პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ, ნია იმნაძე იმდენჯერ დაიბარეს პოლიციაში, რომ სათვალავი მეც კი ამერია, მაგრამ არც ერთხელ არ მისულა.(ფსიქოლოგიური პრანჭვები ემართებაო — ლეკიშვილმა.) სასამართლოზეც კი იძულების წესით მიიყვანეს 7 მაისს და “გაიყვანეთ ცუდად არ გახდეს!”-ო — ერთხმად აწიოკდნენ გიორგი ლეკიშვილი და ნასყიდაშვილის ადვოკატები. ანასტასია ბერუაშვილის ადვოკატი აღარ არის ქეთევან ვარდანაშვილი.ახალმა ადვოკატმა მოითხოვა ჩემთან შეხვედრა.რასაც კანონი არ უზღუდავს, მაგრამ ეკა კუპატაძე შვილის მკვლელებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. (რით ვეღარ გაიგეს!) არადა, გახსოვთ ალბათ, ანასტასია ბერუაშვილის ოჯახი იყო ერთადერთი, ვისაც მოვუწოდე გამოძიებასთან თანამშრომლობის შესახებ, ვინაიდან მაშინ მეგონა, რომ ის უბრალოდ რიკაძის შიშით დუმდა. ბერუაშვილის ოჯახისგან მივიღე შეურაცხმყოფელი უკუკავშირი. მერაბ მალანიას ჰგონია მიმავიწყდა და აბრიალებს თვალებს:— ჩემი ვაჟკაცი თავს დამნაშავედ არ სცნობსო. არადა, მერაბ მალანიას ყველაზე მეტად უნდა, რომ მისი შვილი დამნაშავე იყოს, თანაც ამ მუხლით. წინააღმდეგ შემთხვევაში ალექსანდრე გაბაშვილის და ნია იმნაძის მიერ ორგანიზებული და უფრო დიდი ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვისთვის დასაჭერია მერაბ მალანია, მისი მეუღლე ვერიკო ქარჩავა და სხვანი. მერაბ მალანიავ, ალბათ არ დაგირეკეს, შენ აგონიაში ხარ და ვერ მიხვდებოდი, ჰოდა მე გეტყვი:— კვალში გიდგავარ(თ)! და კიდევ, მერაბ მალანიამ რომ მხრები აიჩეჩა, რის საფუძველზე ამბობს პროკურორი, გიორგი მალანიამ იცოდა გიგა ავალიანის გადაადგილების მარშრუტიო, მე გეტყვით: 1) გიორგი მალანიამ იცოდა, რომ გიგა ცხოვრობდა თემქაზე და სახლში მიდიოდა ფეხით! 2) გიგა მოკლეს იმ სკოლის წინ, რომელიც დაამთავრა მერაბ მალანიამ და მამამისი, როლანდ მალანია იყო ისტორიის მასწავლებელი! 3) ის უბანი ბრალდებული გიორგი მალანიასთვის მშობლიური უბანია! და ბოლოს ყველასთვის საინტერესო,კითხვა I: — ყველა დაიჭირეს?ჩემი პასუხი: — არასრულწლოვნები კი!კითხვა II: — გამოძიება გრძელდება? ჩემი პასუხი: — კი! კითხვა III: — რაღას იძიებენ? ჩემი პასუხი: — ოოოოოო!” – წერს ეკა კუპატაძე.

ადამიანის უსაფრთხოების, მისი სიცოცხლის უფლების დაცვა ჩვენს ქვეყანაში სულ უფრო და უფრო რთულდება. დღე არ გავა მკვლელობის, უბედური შემთხვევის, ავარიის და სხვა რამ დანაშაულის ამბავი არ გავრცელდეს. თბილისი შეძრა ბროწეულის ქუჩაზე, ე.წ. დევნილების კორპუსში მომხდარმა ამბავმა – საცხოვრებელი კორპუსის მე-10 სართულიდან 27 წლის მამაკაცის მიერ ნასროლი სკამი 11 წლის მოზარდს – ვატო ნარსავიძეს დაეცა, რომელიც უმძიმესი მოტეხილობებით კლინიკაში რჩება. ისმის კითხვა შეიძლებოდა თუ არა მომხდარის თავიდან აცილება? – საქმე ისაა, რომ ბრალდებული, რომელიც დაკავებულია, ნარკომომხმარებელია, რომელიც, როგორც ამბობენ, აგრესიულობით აქამდეც გამორჩეოდა. ქვეყანაში ნარკომანიის მასშტაბი მართლაც უსაზღვრო ხდება – თანამედროვე ტექნოლოგიური პირობებში, ნარკორეალიზატორები რა ხერხს აღარ იგონებენ ადამიანების საკუთარ მახეში მოსაქცევად და მათამდე საწამლავის მისატანად. მასშტაბური ნარკოპოლიტიკის გარეშე, ეს პრობლემა ოდნავადაც კი ვერ შემცირდება.

თუშეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ღამით სოფელ ომალოში, ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარედ მოხდა. თვითმხილველების თქმით, სწრაფად მოძრავი “ტოიოტას” მარკის ავტომობილი, სადაც 5 ადამიანი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამობრუნდა . შედეგად, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, 4 ახალგაზრდა კი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის თქმით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. მათ მრავლობითი დაზიანებები – ქვედა კიდურების მოტეხილობები აქვთ და უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა. “ეგ ადგილი, სადაც მოხდა შემთხვევა ვიზიტორთა ცენტრთან არის, მანქანა სწრაფად მოდიოდა და მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რა დროსაც დაახლოებით, გზიდან 20 მეტრი გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა. მძღოლი გადმოვარდა ავტომობილიდან და ადგილზე დაიღუპა. დანარჩენი ოთხი ახალგაზრდა გადარჩა. ადგილობრივი არცერთი არ იყო” – ამბობენ ადგილობრივები.